Smiley face
Smiley face Smiley face Smiley face Smiley face

კვირა 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 4 კვირა 5 კვირა 6 კვირა 7 კვირა 8 კვირა 9 კვირა 10 კვირა 11 კვირა 12 კვირა 13 კვირა 14 კვირა 15 კვირა 16 კვირა 17 კვირა 18 კვირა 19 კვირა 20 კვირა 21 კვირა 22 კვირა 23 კვირა 24 კვირა 25 კვირა 26 კვირა 27 კვირა 28 კვირა 29 კვირა 30 კვირა 31 კვირა 32 კვირა 33 კვირა 34 კვირა 35 კვირა 36 კვირა 37 კვირა 38 კვირა 39 კვირა 40

ბლოკი
სიახლეების არქივი
ვიდეო
პარტნიორი საიტები
ნევრალგია - neuralgia - невралгияნევრალგია არის ტკივილის შეტევა, რომელიც რომელიმე ნერვის გასწვრივ არის ლოკალიზებული. ნევრალგიის ერთადერთი სიმპტომია სხვადასხვა ინტენსივობის შეტევისებური ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, მწველი და მოპულსირე.
ნევრალგია ვითარდება ტრავმის, გადატანილი ინფექციის, გაციების, ამა თუ იმ ქრონიკული პათოლოგიის შედეგად. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნევრალგიის მიზეზი დაუდგენელი რჩება.
იმის მიხედვით, ნერვული სისტემის რომელ ნაწილში აღმოცენდება ტკივილი, განასხვავებენ ნევრალგიის სხვადასხვა სახეს. ზოგიერთ მათგანს ნერვული სისტემის დაზიანებული უბნის სახელს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგია, კეფის ნერვის ნევრალგია. ყველაზე მეტად გავრცელებულია სამწვერა ნერვის ნევრალგია. იგი ათასიდან ხუთ ადამიანს აქვს, უმეტესად - 40 წელს გადაცილებულ ქალებს.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების ცალკე სახეობად მიიჩნევა გვირაბის სინდრომი - დაავადება, რომლის დროსაც ნერვის ტოტი იჭყლიტება მაჯის არეში, რასაც თავად ნერვის, ამ არხის შემომფარგვლელი მეზობელი მყესებისა და იოგების გასქელება განაპირობებს. ამის მიზეზია ხანგრძლივი ერთგვაროვანი სამუშაო, რომლის დროსაც მაჯა დიდხანს იმყოფება უხერხულ მდგომარეობაში (მაგალითად, ავტომობილის მართვა, კომპიუტერთან მაუსით მუშაობა და სხვა). გვირაბის სინდრომს თან სდევს ტკივილა, სპაზმი და მაჯაში მგრძნობელობის დაქვეითება.
ნევრალგიის მკურნალობის დაწყებამდე მისი მიზეზი უნდა გაირკვეს. თვითმკურნალობა და ტკივილის ტაბლეტებით გაყუჩება გამოსავალი არ არის. ნევრალგიის ნიღბის ქვეშ შესაძლოა უამრავი დაავადება იმალებოდეს, ამიტომ საჭიროა საგულდაგულო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა.
რაც შეეხება ტკივილის სინდრომს, მის მოსახსნელად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. მძიმე შეტევის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ნარკოტიკული საშუალების გამოყენება და ნერვული ტოტის ბლოკადაც. სამკურნალოდ მიმართავენ ფიზიოთერაპიას, ზოგჯერ - ქირურგიულ ჩარევასაც კი.

სამწვერა ნერვის ნევრალგია
სამწვერა ნერვის (ტრიგემინული) ნევრალგია სამწვერა ნერვის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
სამწვერა ნერვი შერეული ტიპის ნერვია, ანუ შეიცავს როგორც მგრძნობელობით (სენსორულ), ისე მამოძრავებელ (მოტორულ) ნეირონებს და, შესაბამისად, ორივე ფუნქციის მატარებელია. მგრძნობელობითი ნეირონები სახის მთელი ნახევრის მგრძნობელობას განაგებენ, რაც სამი: თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის - ტოტის მეშვეობით ხორციელდება, მოტორული ნეირონებით კი საღეჭი კუნთების ინერვაცია ხდება. გარდა ამისა, სამწვერა ნერვის მგრძნობელობითი ტოტების მეშვეობით გადაეცემა პარასიმპათიკური ნერვული იმპულსები საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს.
განასხვავებენ სამწვერა ნერვის ტიპურ და ატიპურ ნევრალგიას.
ტიპური სამწვერა ნევრალგიისათვის დამახასიათებელია:
ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში, რომელიც რამდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება;
უეცარი, მწვავე ტკივილი, რომელიც "დენის გავლას" ჰგავს. ტკივილს აქვს ტრიგერული (მაპროვოცირებელი) წერტილები და ზონები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტკივილი შესაძლოა აღმოცენდეს ამ ზონების გაღიზიანებისას, მაგალითად, ჭამისას, პირის დაბანისას, ლაპარაკისას, კბილების გამოხეხვისას;
ტკივილის ეპიზოდებს შორის ნევროლოგიური სიმპტომატიკისა და ჩივილების არარსებობა;
ტკივილის სტერეოტიპურობა ანუ მსგავსება ყველა პაციენტში;
დაავადების საწყის სტადიაში კარბამაზეპინის (ტეგრეტოლის, ფინლეფსინის) მიღებით ტკივილის ინტენსივობის შემცირება.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის დიაგნოზის დასასმელად ჩამოთვლილი 5 კრიტერიუმიდან საკმარისია ოთხის არსებობა.
უნდა ითქვას, რომ ტკივილის მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველაზე პოპულარულია ნეიროვასკულური კონფლიქტის თეორია. ამ თეორიის თანახმად, ტკივილის მიზეზია სამწვერა ნერვზე არტერიის ზეწოლა იქ, სადაც ნერვი ტვინის ღეროში შედის. ამ ადგილას სამწვერა ნერვი არ არის დაფარული მიელინის დამცავი გარსით, რის გამოც არტერიის ხანგრძლივი პულსაცია ნერვული იმპულსების გაუკუღმართებას იწვევს. სწორედ ეს განაპირობებს ტკივილს
ატიპურ ნევრალგიას, ტიპურისგან განსხვავებით, ტკივილთან ერთად ნევროლოგიური სიმპტომატიკაც, დამატებითი ჩივილებიც ახასიათებს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის უკანა ფოსოში ლოკალიზებული სიმსივნური ან სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი ან რომელიმე მადემიელინიზებელი დაავადება, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. სამწვერა ნერვის ორმხრივი ნევრალგიის დროს ტკივილის მიზეზი უმეტესად სწორედ გაფანტული სკლეროზია.

მკურნალობა. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ჩვეულებრივ, კონსერვატიული მკურნალობა ტარდება. ყველაზე ხშირად გამოიყენება კარბამაზეპინი (ტეგრეტოლი, ფინლეფსინი), რომელიც ათიდან 7 შემთხვევაში საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას. აღნიშნული მედიკამენტით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში პერიოდულად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი. კარბამაზეპინის უეფექტობის შემთხვევაში გამოიყენება სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბაკლოფენი ან გაბაპენტინი. ასევე შეიძლება დაინიშნოს ფენიტოინი, კლონაზეპამი და სხვა. როცა მედიკამენტური თერაპია უშედეგოა, ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
ოპერაციული ჩარევა რეკომენდებულია უეფექტო მედიკამენტური მკურნალობის დროს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული მკურნალობის გვერდითი მოვლენები გამოხატული და ძნელად ასატანია.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს მიეკუთვნება მცირე ინვაზიური პროცედურები და ინტრაკრანიული პროცედურა.
მცირე ინვაზიური პროცედურებია პერკუტანული ტრიგემინული რიზოტომია ანუ სამწვერა ნერვის ნაწილობრივი დაზიანება, რომლის მიზანია ტკივილის ბოჭკოების მწყობრიდან გამოყვანა და მგრძნობიარეთა უვნებლად შენარჩუნება. ამ მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება სტერეოტაქსიური რადიოსიხშირული რიზოტომია (ნერვის თერმული დაზიანება რადიოტალღებით), გლიცეროლის ინექცია სამწვერა ნერვის კვანძში (გასერის კვანძში) ან მიკროკომპრესია ფოგარტის კათეტერით (კათეტერი შეჰყავთ სამწვერა ნერვის კვანძში და ახდენენ მასზე მცირე ზეწოლას ტკივილის ბოჭკოების დასაზიანებლად).
ინტრაკრანიული პროცედურაა სამწვერა ნერვის მიკროვასკულური დეკომპრესია. ეს მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული, ეფექტური და ამავე დროს ფიზიოლოგიური მეთოდია, რომელიც გულისხმობს ნერვის ანატომიური მთლიანობის შენარჩუნებას და უშუალოდ ტკივილის მიზეზზე ზემოქმედებას - ოპერაციის დროს ხდება თავის ქალას უკანა ფოსოს ტრეპანაცია და სამწვერა ნერვის არტერიისგან გამოყოფა სპეციალური პროტექტორის მეშვეობით, რომელიც არტერიასა და ნერვს შორის თავსდება.

ნეკნთაშუა ნევრალგია
გულმკერდის არეში ტკივილის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია ნეკნთაშუა სივრცეში ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტა. ამ ტკივილის კარდიულისგან გარჩევა ადვილია:
ნევრალგია ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლის, გულმკერდის მოძრაობის შემთხვევაში.
გულის ტკივილი არ იცვლება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, გულმკერდის მოძრაობისა და მდებარეობის შეცვლის დროს. გარდა ამისა, შესაძლოა თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება ან დაცემა. წესისამებრ, ხსნის ნიტროგლიცერინი.
მიზეზი. ადამიანს აქვს 12 წყვილი ნეკნი. ყოველ ნეკნთაშუა სივრცეში გადის ნერვი. მასზე ზეწოლა ან მისი გაღიზიანება იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელმაც შესაძლოა სუნთქვითი მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვიოს.
ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტის ან გაღიზიანების მიზეზი ნეკნთაშუა სივრცის დეფორმაციაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის არეში მიყენებულმა ტრავმამ, კუნთების გადაჭარბებულმა დაჭიმვამ, ხერხემლის გამრუდებამ, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის თიაქარმა.

მკურნალობა. ნეკნთაშუა ნევრალგია წარმატებით იკურნება. მკურნალობის ამოცანაა ნერვზე კუნთების, ნეკნების, მალათაშუა დისკოს მხრივ არსებული გაღიზიანების მოხსნა. მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია მანუალური თერაპია. ტკივილის მოხსნის მიზნით გაღიზიანებული ან მიჭყლეტილი ნერვის არეში შეჰყავთ (ინექცია, ელექტროფორეზი) ანტიბიოტიკი. ეფექტი რამდენიმე წუთში ხდება თვალსაჩინო და 3 კვირას გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ვარჯიშებითა და მანუალური თერაპიით მკურნალობენ ნერვის მიჭყლეტის მიზეზს.

კეფის ნერვის ნევრალგია
კეფის ნერვის ნევრალგიას ახასიათებს კეფის არეში მკვეთრი, მტეხი ტკივილი, რომელიც თანდათანობით მოიცავს მთელ თავს საფეთქლებისა და თვალების ჩათვლით. ტკივილი ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნების, კისერზე თითების დაჭერის, ცემინებისა და ხველების დროს. ხშირად თან ახლავს გულისრევის შეგრძნება და ღებინება.

მკურნალობა. მწვავე და ქვემწვავე სტადიებში ტარდება კეფის ნერვის ფიზიოთერაპია.

თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია
თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. მისი გავრცელებული მიზეზია საზარდულის ნაკეცში ნერვის მიჭყლეტა, რაც უმეტესად სიმსუქნისას ან ამა თუ იმ სამუშაოსთვის დამახასიათებელ პოზაში დიდხანს ყოფნისას ხდება. ქალებში თეძოს გარეთა კანის ნერვის ნევრალგია აღმოცენდება ორსულობის დროს და გაივლის მშობიარობის შემდეგ.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია პარესთეზია - თეძოს გარეთა ზედაპირის დაბუჟება, სიწითლე და წვის შეგრძნება. პარესთეზია ძლიერდება დგომისა და სიარულის დროს, წოლისას კი ქრება. დაავადება მძაფრად მიმდინარეობს, ტკივილი ძლიერდება სიცივეში, ნესტში. იშვიათი არ არის რემისია და თვითგანკურნება. მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება საზარდულის ნაკეცის გადაჭრა.

ენა-ხახის ნერვის ნევრალგია
ენა-ხახის ნერვის დაზიანება იწვევს ნუშისებრი ჯირკვლების არეში პაროქსიზმულ, ძლიერ ტკივილს, რომელიც ყლაპვის დროს ძლიერდება. ამ დროს აშკარა მგრძნობელობითი ან მამოძრავებელი დაზიანება არ შეიმჩნევა. მედიკამენტური მკურნალობა ეფექტიანია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა ზოგჯერ მაინც ხდება საჭირო. ამ ნერვის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს ჰერპესმა და კომპრესიულმა ნევროპათიამ, როცა ის შერწყმულია ცდომილი ნერვის დამბლასთან და სიმსივნური წარმონაქმნით ან ანევრიზმით არის გამოწვეული.

გვირაბის სინდრომი
გვირაბის სინდრომს ახასიათებს ხელის, განსაკუთრებით - მარჯვენა მტევნის ტკივილი, რომელსაც ხანგრძლივი ერთგვაროვანი სამუშაო იწვევს. ამ სინდრომს მინიჭებული აქვს პროფესიულ დაავადებათა სტატუსი და ხშირია მძღოლებსა და ოფისის მუშაკებს (კომპიუტერთან მომუშავეებს) შორის. ტკივილის მიზეზია მაჯის არხში ნერვის გაჭყლეტა. დიაგნოზს სვამს ნევროლოგი პაციენტის გასინჯვისა და გამოკითხვის შედეგად. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან გამოიყენება ელექტრომიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც ადგენენ წინამხრის კუნთის დაზიანების ხარისხს.
მკურნალობა გულისხმობს მაჯის არეში კორტიკოსტეროიდების შეყვანას, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, სპეციალური მაჯის ბანდაჟის ტარებას. მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
გვირაბის სინდრომის პროფილაქტიკისა და ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია, პაციენტს ჰქონდეს სათანადო სამუშაო პირობები, ხშირად შეწყვიტოს მუშაობა და ხელი გაავარჯიშოს.
არსებობს ვარჯიშთა მარტივი კომპლექსი:
1. დაფერთხეთ ხელები;
2. 10-ჯერ შეკარით მუშტი;
3. ამოძრავეთ მტევნები მაჯის სახსარში;
4. დააწექით ხელისგულით მეორე ხელის თითებს.
ამ ვარჯიშების წყალობით კუნთებში სისხლის მიმოქცევა გაგიუმჯობესდებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.
რაც უფრო ხშირად შეწყვეტთ მუშაობას ვარჯიშის შესასრულებლად, მით უკეთესი იქნება შედეგი.
გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციებიც:

კლავიატურასთან მუშაობის დროს იდაყვში ხელის მოხრის კუთხე უნდა შეადგენდეს 90 გრადუსს;
მაუსით მუშაობის დროს მტევანი უნდა იდოს სწორად და მაგიდის კიდიდან რაც შეიძლება შორს;
სკამს ან სავარძელს უნდა ჰქონდეს სახელურები. სასურველია მაჯისთვის დამატებითი საყრდენის არსებობაც (თაგვის ხალიჩა, სპეციალური ფორმის კლავიატურა ან კომპიუტერის მაგიდა სილიკონის ბალიშით);
თუ მაჯით ბევრი და ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულება გიხდებათ, უნდა ატაროთ მაჯისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანდაჟი.
 
დამატების დრო:16-09-2014, 09:30 ნახვა:371 |კომენტარები:0
სრულად წაკითხვა


ორსულობა და მასთან დაკავშირებული კვლევისა და მკურნალობის პრობლემებიქალი, რომელიც ორსულობისთვის ემზადება, განსაკუთრებული გულისყურით უნდა მოეკიდოს იმ სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობის მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც ორსულებისთვის დაუშვებელია, რადგან სავსებით შესაძლებელია, უკვე ორსულად იყოს. კვლევისა და მკურნალობის რომელი მეთოდებია ნებადართული ორსულთათვის?

მოდი, კვლევის მეთოდებით დავიწყოთ. რომელია ნებადართული ორსულთათვის და რომელი - აკრძალული? შეიძლება თუ არა ორსულობისას რენტგენოგრაფიისა და ფლუოროგრაფიული გამოკვლევის ჩატარება?
- ამ პროცედურის დროს მიღებული გამოსხივება ორსულისთვის უსაფრთხოა, მაგრამ შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს მისი პაწიასთვის, განსაკუთრებით - მუცლადყოფნის ადრეულ ვადებზე, ამიტომ თუ ორსულობა დაგეგმეთ, რენტგენზე გასვლის წინ უმჯობესია დაელოდოთ მომდევნო ციკლს, რათა დარწმუნდეთ, რომ ორსულად ჯერ კიდევ არ ხართ. ამავე მიზეზით ქალებს ურჩევენ, დაორსულებამდე გაიარონ გამოკვლევები სტომატოლოგთან. ორსულობის დროს, კალციუმის ნაკლებობის გამო, კბილებმა შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტად დაიწყოს დაშლა, მკურნალობა კი რთულია. მანტუს დადებითი სინჯის შემთხვევაში, ასევე იმ სიმპტომების არსებობისას, რომლებიც ტუბერკულოზს გვაეჭვებინებს (ხველა 3 თვეზე მეტხანს, სისხლის არსებობა ნახველში, ღამის ოფლიანობა, წონის დაკლება და ცხელება), განურჩევლად ორსულობის ვადისა, ნაჩვენებია გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება აქტიური ფილტვისმიერი პროცესის გამოსავლენად. ამ მეთოდის მიმართ შიშმა შესაძლოა დაგვიანებულ დიაგნოსტიკამდე და შორს წასულ ტუბერკულოზურ პროცესამდე მიგვიყვანოს. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევისას იყენებენ სპეციალურ დამცავ საშუალებებს, რომლებიც ნაყოფის დაზიანებას მაქსიმალურად ამცირებს. ორსულობის დროს სიფრთხილის ზომების დაცვით ჩატარებული ფილტვის რენტგენოგრაფია ნაყოფისთვის საშიში არ არის. მეტი უსაფრთხოებისთვის სასურველია გამოკვლევა ჩატარდეს ორსულობის 12 კვირის შემდეგ ტყვიის შემცველი რეზინის წინსაფრის გამოყენებით. აკრძალულია ფლუოროგრაფია და რენტგენოსკოპია. ოპტიმალურია დაბალციფრული რენტგენოგრაფია, ნეფროტუბერკულოზის დროს - ექსკრეტორული უროგრაფია, ქრომოცისტოგრაფია, რეტროგრადული პიელოგრაფია.

- რას გვერტყვით ფიზიოთერაპიულ კვლევებზე?
- ორსულებისთვის დაუშვებელია ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა დროსაც გამოიყენება დენები და სხვა სახის ტალღოვანი ზემოქმედება. ელექტრული დენის ზემოქმედებით კუნთები ინტენსიურად იკუმშება, რამაც შესაძლოა ნაყოფის გამოძევება გამოიწვიოს.

- შეიძლება თუ არა მედიკამენტების მიღება ორსულობის დროს?
- ცნობილია, რომ ორსულობის დროს უნდა მიიღოთ რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტი, მაგრამ ეს არ ეხება მას, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ასეთმა ქალმა, როგორც კი გაიგებს, რომ ორსულად არის, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს - შესაძლოა, ამ პერიოდში მას სხვა პრეპარატის მიღება დასჭირდეს.

- როგორ მოიქცეს ორსული, თუ მედიკამენტების მიღება გადაწყვიტა?
- გაითავისეთ ერთი უბრალო წესი: ორსულობის დროს წამლის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან უვნებელი მედიკამენტი არ არსებობს. ღვიძლი და თირკმელები, რომლებიც პასუხს აგებენ მედიკამენტების გარდაქმნასა და ორგანიზმიდან გამოტანაზე, ორსულობის დროს განსხვავებულად მუშაობენ. ამის შედეგად მედიკამენტებისადმი მგრნობელობა იმატებს და ქალს შესაძლოა ალერგია განუვითარდეს. თითქმის ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები. როდესაც ქალი ორსულად არის, წამალს მასთან ერთად იღებს მისი შვილიც. სწორედ ის უნდა დავიცვათ მედიკამენტების არასასურველი ზემოქმედებისგან. უპირველეს ყოვლისა, ერიდეთ თვითმკურნალობას. არჩევანი მიანდეთ სპეციალისტს: ექიმებმა კარგად იციან, რომელი წამლებია ნებადართული ნაყოფისთვის და რომელი - არა. გახსოვდეთ, ერთი და იგივე პრეპარატი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად მოქმედებს ნაყოფზე. ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი ორსულობის დასაწყისია. დღეს მედიკამენტების დიდი ნაწილი ამ კუთხით შესწავლილია და ანოტაციაში მითითებულიც არის, შეიძლება თუ არა მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, მაგრამ იმ პრეპარატებმაც კი, რომელთა მიღება ორსულობისას ნებადართულია, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს მზარდ ნაყოფს. ამიტომ ვიდრე რომელიმე პრეპარატის მიღებას დაიწყებდეთ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

- რატომ მიიჩნევა ორსულობის დასაწყისი ყველაზე სათუთ პერიოდად?
- საქმე ის არის, რომ პირველი 6-8 კვირის განმავლობაში ემბრიონის სისტემების ფორმირება მიმდინარეობს და ზოგიერთ ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს განვითარების მანკი. გარდა ამისა, ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ იცავს საკუთარ თავს, მისი გამწმენდი სისტემები (ღვიძლი, თირკმელები) ჯერ კიდევ არ არის მზად, თავი გაართვას ამ ამოცანას. მე-16 კვირას უკვე ჩამოყალიბებულია პლაცენტა, რომელიც ბარიერულ ფუნქციას ასრულებს. ამის გამო ზოგიერთი პრეპარატი ვეღარ გადის ბავშვის ორგანიზმში. ამიტომაც მიიჩნევა, რომ ორსულობის მეორე ნახევარში მედიკამენტების მიღება ნაკლებად საშიშია, ვიდრე პირველში. მოდი, კონკრეტულ ჩივილებზე გადავიდეთ.
 
დამატების დრო:15-09-2014, 15:05 ნახვა:170 |კომენტარები:0
სრულად წაკითხვა


ორსულობა და ფსიქონევროლოგიური დარღვევებიორსულობა, მოლოდინის ეს სასიამოვნო პერიოდი, იმავდ-როულად ორგანიზმის გამოცდაც არის. ქვემოთ იმ სიმპტომებზე გესაუბრებით, რომლებიც მიუთითებს, რომ ორსულის "ნერვული ბალანსი" შერყეულია.
უმთავრესად რატომ მიმართავენ ორსულები ფსიქონევროლოგს?
- თავის ტკივილის, წელის ტკივილის, ხელ-ფეხის დაბუჟების გამო. აქვთ სხვა ჩივილებიც.

- რა იწვევს თავის ტკივილს, საშიშია თუ არა იგი, ღირს თუ არა მკურნალობა? იქნებ ჯობს, მოვითმინოთ?
- თავის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა და არამხოლოდ ორსულებში. ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა, ასევე დაავადებებმა, რომლებიც ორსულობაზე არ არის დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემებით, ათიდან ცხრა შემთხვევაში ორსულს აწუხებს დაძაბვის თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება გადაღლის, ძლიერი ფსიქოემოციური დატვირთვის შედეგად, მით უმეტეს, ორსული აშკარად თუ ფარულად ყოველთვის ღელავს - როგორ ჩაივლის ორსულობა, მშობიარობა, ჯანმრთელი დაიბადება თუ არა ბავშვი. დაძაბვის თავის ტკივილი უმეტესად ორსულობის I-II ტრიმესტრებში იჩენს თავს. ტკივილი მსუბუქი ან ზომიერია, ორმხრივი, არ გააჩნია მკაფიო ლოკალიზაცია, გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე. ზოგჯერ ამას ტკივილსაც ვერ დაარქმევთ - ეს არის, უფრო მეტად, ზეწოლის, თავზე სალტის მოჭერის შეგრძნება. ის თავის ფუძის კანისა და კუნთების ხანგრძლივი დაძაბვის შედეგია და ამიტომაც ეწოდება დაძაბვის ტკივილი. ტკივილი ხშირად ძლიერდება დღის მეორე ნახევარში, ანდა ძლიერი ფსიქოემოციური თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, არის მონოტონური ან მზარდი. შედარებით იშვიათად ორსულებში თავის ტკივილის მიზეზია შაკიკი. მისთვის დამახასიათებელია ტკივილის განმეორებითი შეტევები, მხედველობის დარღვევები, ასევე - დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ. ასეთ ორსულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც შაკიკი დაორსულებამდეც ჰქონდა, და ისეთებიც, ვისაც ის პირველად ორსულობისას გამოაჩნდა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მოსალოდნელია შეტევების გახშირება; მეორე-მესამეში შეტევები იშვიათდება და გაცილებით მსუბუქადაც მიმდინარეობს.

- რით მკურნალობენ თავის ტკივილს?
- ორსულებში თავის ტკივილის მკურნალობისას, განურჩევლად მისი წარმოშობისა, უპირატესობა ენიჭება არამედიკამენტურ საშუალებებს - ფსიქოლოგიურ რელაქსაციას, ფიტოთერაპიას... მნიშვნელოვანია შრომისა და დასვენების რეჟიმის ორგანიზაცია, იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც ტკივილის შეტევებს უწევს პროვოცირებას. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:
მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ნაკლები დრო გაატარეთ დახუთულ შენობაში, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ოღონდ არა ავტომაგისტრალების მახლობლად, არამედ პარკში, ტყეში. მუშაობისას ხშირად შეისვენეთ, გაანიავეთ ოთახი, შეასრულეთ რამდენიმე ვარჯიში. ორგანიზმი ჟანგბადით გამდიდრდება და თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ნუ დაიკლებთ ძილს. ურიგო არ იქნება, დღისითაც ჩათვლიმოთ. თუ სამსახური ამის საშუალებას გაძლევთ.
ურიგო არ იქნება, თუ დროს გამონახავთ და ორსულთათვის განკუთვნილ ტანვარჯიშის ან ცეკვის წრეზე ივლით. ასეთი დატვირთვა მოაძლიერებს ბავშვს, დაბადებისთვის მოამზადებს თქვენს ორგანიზმს, გაგახალისებთ და ახალ ნაცნობებს შეგძენთ.
აუცილებლად უნდა აითვისოთ რელაქსაციის მეთოდები, სუნთქვითი ვარჯიში. შესაძლოა, მათი დახმარებით ტკივილს მედიკამენტების გარეშეც დააღწიოთ თავი.
თუ ტკივილი ძალზე ძლიერია და არამედიკამენტური საშუალებები არ გშველით, მიიღეთ გამაყუჩებელი. თქვენს პატარას ეს უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე თქვენი მუდმივი უგუნებობა.
ორსულთათვის ნებადართულია: უბრალო ანალგეტიკები (პარაცეტამოლი), აუცილებლობის შემთხვევაში - კოფეინი. რეკომენდებული არ არის ასპირინი და მისი ანალოგები, ერგოტამინი (ეს უკანასკნელი ხშირად შედის შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებების შემადგენლობაში). მედიკამენტების მიღებამდე უთუოდ მოეთათბირეთ ექიმს, რადგან ისეთმა ერთი შეხედვით უვნებელმა წამლებმაც კი, როგორებიც ინდომეტაცინი, ვოლტარენი ან ასპირინია, შეიძლება ავნოს ნაყოფს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
თავის ტკივილი გახშირდა ან გაძლიერდა;
ტკივილი ძლიერდება პოზის შეცვლის, ვარჯიშის დროს, ღამით;
ტკივილი აღმოცენდება თავის დახრისას, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ანდა მხედველობის გაუარესება ახლავს თან.
 
დამატების დრო:15-09-2014, 15:03 ნახვა:93 |კომენტარები:0
სრულად წაკითხვა


ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოსქალის ცხოვრებაში ბავშვის გაჩენაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ბავშვი ორსულის სხეულის ნაწილი კი არა, დამოუკიდებელი არსებაა. ახალშობილი და ჯერ დაუბადებელი ნაყოფი ერთმანეთისგან მხოლოდ ადგილსამყოფლით განსხვავდებიან. ბავშვს, ჩასახვიდან მოყოლებული, განვითარების ნებისმიერ სტადიაზე სჭირდება დაცვა. მშობიარობა უფრო ადვილად ჩაივლის, თუ ქალს ეცოდინება, რა ხდება ამ დროს მისა და ბავშვის ორგანიზმში.
როგორ მოვამზადოთ ორსული მშობიარობისთვის?
- ორსულობა ნებისმიერი ქალისთვის ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდია, რომელიც უნდა დამთავრდეს შვილის დაბადებით. ამდენად, ორსულს განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. აუცილებელია, ქალი მთელი ორსულობის განმავლობაში იმყოფებოდეს ექიმ გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა რისკფაქტორები არ გამოგვეპაროს. ყველა ორსულს უნდა განემარტოს, რომ ორსულობა არ არის დაავადება - ფიზიოლოგიური მოვლენაა. მნიშვნელოვანია მშობიარობისთვის ფსიქოლოგიური მომზადებაც. ქალთა კონსულტაციებში არის "დედათა სკოლები", სადაც ქალები მთელი ორსულობის განმავლობაში იღებენ კვალიფიციურ ინფორმაციას მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ, იძენენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ბავშვის გაჩენაში დაეხმარება. ეს პროგრამა განსაკუთრებით უადვილებს მშობიარობას პირველმშობიარეებს, რომელთაც მშობიარობისა ეშინიათ და ეჭვი ეპარებათ მის სასურველ დასასრულში.

- როგორი მშობიარობა ითვლება ფიზიოლოგიურად?
- ფიზიოლოგიურად ითვლება ერთნაყოფიანი მშობიარობა ნაყოფის თავით წინ მდებარეობით, რომელიც სპონტანურად იწყება ორსულობის 37-იდან 42-ე კვირამდე. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ დედისა და ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა კალენდარული ვადისა, არსებობს ნიშნები, რომლებიც მშობიარობის მოახლოებაზე მიგვითითებს:
ცრუ ჭინთვები, როდესაც საშვილოსნო პერიოდულად მაგრდება და კვლავ ეშვება. ამგვარად ის მშობიარობისთვის ემზადება, თუმცა მისი ყელი ამ დროს არ იხსნება. ასე რომ, მშობიარობის დაწყებამდე დრო კიდევ არის. ამ პერიოდს პრელიმინარულს უწოდებენ.
ლორწოვანი საცობის მოცლა. ლორწოვანი საცობი საშვილოსნოს ყელის არხში დაგროვილი ლორწოა, რომელსაც ჯირკვლები მშობიარობამდე ერთი-ორი კვირით ადრე გამოიმუშავებს. ლორწოს გამოყოფას ლორწოვანი საცობის მოცილება ეწოდება. მშობიარობის წინ ეს ფიზიოლოგიურ მოვლენად ითვლება.
მუცლის დაწევა. ეს არის ნიშანი, რომელსაც ორსულთა უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
მშობიარობის დაწყების უმთავრესი ნიშანი კი რეგულარული სამშობიარო მოქმედების დაწყებაა. საშვილოსნო რეგულარულად იკუმშება და დუნდება, რასაც თან სდევს საშვილოსნოს ყელის გახსნა.
- ცნობილია, რომ პირველი მშობიარობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მომდევნოები. რისი ბრალია ეს?
- საქმე ის არის, რომ პირველი მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელი ჯერ მოკლდება, შემდეგ გადასწორდება და ბოლოს იხსნება, ხოლო განმეორებით მშობიარეებში საშვილოსნოს ყელის გადასწორება-გახსნა ერთდროულად მიმდინარეობს.

- როდის ითვლება მშობიარობა პათოლოგიურად?
- პათოლოგიურია მშობიარობა, რომელიც ამა თუ იმ გართულებით მიმდინარეობს.

- რა იწვევს ამ გართულებებს?
- გართულებას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის:
ორსულის ესა თუ ის დაავადება, წესისამებრ, ქრონიკული - გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, ფილტვების, შარდსასქესო ორგანოთა ქრონიკული სნეულებები, ლეიკოზი, ტუბერკულოზი და სხვა;
ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება;
პრეეკლამფსია;
ეკლამფსია;
ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
ვიწრო მენჯი.
მეან-გინეკოლოგმა უნდა გაითვალისწინოს ყველა ეს ფაქტორი და წინასწარ დასახოს სამშობიარო ტაქტიკა.
ზოგჯერ გართულება მოულოდნელად იჩენს თავს. ასეთი გართულებებია:
ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლით გამოწვეული სისხლდენა;
ჭიპლარის გამოვარდნა.
ასეთ დროს ნაყოფის გადასარჩენად საჭიროა სასწრაფო საკეისრო კვეთა.

- რა არის საკეისრო კვეთა და როდის ტარდება?
 
დამატების დრო:15-09-2014, 15:00 ნახვა:136 |კომენტარები:0
სრულად წაკითხვა


საკეისრო კვეთა და ბავშვის ფსიქიკარა არის კარგი და რა - ცუდი საკეისრო კვეთის შემთხვევაში? ვიდრე ოპერაციის გაკეთებას გადავწყვეტდე, მინდა გავიგო, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

თავდაპირველად საკეისრო კვეთა ბავშვის გადასარჩენად კეთდებოდა და მხოლოდ იმ ქალებს უტარდებოდა, რომელთაც, ამა თუ იმ მიზეზით, ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეეძლოთ. დღეისათვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულებითაც კეთდება და ახალგაზრდა დედების მოთხოვნითაც, მოსალოდნელი ტკივილისთვის თავის ასარიდებლად. ზოგიერთი ექიმი, იცავს რა პიროვნების თავისუფლებას, ოპერაციას ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე აკეთებს. მაგრამ ყველა მშობიარემ არ იცის, რომ საკეისრო კვეთამ დასრულებისთანავე შეიძლება ბევრი სირთულე წარმოშვას, მაგალითად, ნაწლავური გაუვალობა, პერიტონიტი, შარდის ბუშტის ტრავმები... კიდევ რის გამოა სახიფათო საკეისრო კვეთა?

ნაყოფის შეგრძნებები
არსებობს მცდარი შეხედულება, რომ საკეისრო კვეთისას ბავშვი ასცდება ფიზიოლოგიური მშობიარობისას მოსალოდნელ შიშსა და ტკივილს. მეცნიერთა მიერ დასაბუთებულია, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობისას ბავშვი დაცულია და მას არაფერი სტკივა. ძველად სწამდათ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უშიშრები იქნებოდნენ, თუმცა დღეს ასეთი აზრიც არსებობს, რომ `საკეისროს ბავშვები~ მომეტებული შფოთვითა და აღგზნებით გამოირჩევიან.

ნივთიერებათა ცვლა და წნევის ცვალებადობა
როცა ჩვილი დაბადებისთვის მზადებას იწყებს, მის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება. ამგვარად ემზადება იგი დედის საშოდან განსხვავებულ გარემოში მოხვედრისას წნევის ცვლილებისთვის. საკეისრო კვეთისას კი წნევა მკვეთრად იცვლება. ამის გამო ახალშობილს ტვინში მიკროსისხლჩაქცევაც კი შეიძლება დაემართოს. არის ტვინში მინიმალური დისფუნქციის შემთხვევებიც.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა და სუნთქვა
ექიმებმა ათასი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ნაყოფის ორგანიზმში იზრდება ჰორმონების რაოდენობა. უპირველესად, იმატებს ჰორმონი კატექოლამინი, რომელიც ახალშობილის სუნთქვას არეგულირებს და მანამდე სითხით სავსე ფილტვებს აშრობს. საკეისრო კვეთისას კი დაბადების ბუნებრივი მექანიზმი არ ირთვება, ბავშვი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობის კატექოლამინის დაგროვებას ფილტვების სისხლით უზრუნველსაყოფად და მის გულს დიდი ძალა ადგება. ამის გამო ბავშვის გულში, შესაძლოა, ასაკოვანი ადამიანების გულისთვის დამახასიათებელი დისტროფიული ცვლილებები მოხდეს. საკეისროთი დაბადებულ ბავშვთაA სუნთქვის სიხშირეც ბუნებრივი გზით გაჩენილებისაზე ორჯერ ნაკლებია, ფილტვების სუნთქვის მოცულობა კი - სამჯერ.

ფსიქიკა
ზოგიერთი ფსიქიატრის აზრით, საკეისროთი დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ბუნებრივი მშობიარობისთვის ნიშნეული ეტაპები, ხასიათის განსაკუთრებული თვისებები უყალიბდებათ:
უჭირთ ურთიერთობა, სირთულეების გადალახვა, ლოდინი, ტკივილის ატანა, არ აქვთ თავის რწმენა.
მეტად არიან დამოკიდებულნი დედაზე, ჩვეულებრივ ბავშვებთან შედარებით გამძაფრებული აქვთ ოჯახში დომინანტობის სურვილი.
მოხერხებულად ზემოქმედებენ უფროსების სისუსტეებზე.
ასეთი ქცევა ყველას ანერვიულებს, უპირველესად კი ბავშვს. უფროსები მას საიმედო საყრდენად აღარ მიაჩნია, ხოლო ვინც საყრდენი არ არის, ის არც დამცველად გამოდგება! ამის გამო მათ დაუძლეველი შიში იპყრობთ. რა თქმა უნდა, ყოველგვარი ფსიქოლოგიური სირთულის გადალახვა და ნაწილობრივი კორექციაც შესაძლებელია, მაგრამ აღდგენა ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდ­რე ნგრევა.

არჩევანი თქვენზეა!
არის შემთხვევები, როდესაც მომავალი დედა აცნობიერებს ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობას და აღარ ითვალისწინებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თვალის ფსკერის დაზიანება, ნაყოფის მენჯთან მდებარეობა ან ასაკი. ასეთ შემთხვევებში ექიმთან წინასწარი კონსულტაცია და ყველა პრობლემის ზედმიწევნითი გაანალიზება აუცილებელია. ძალიან ბევრია დამოკიდებული მშობიარის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და მეანთა პროფესიონალიზმზე. საკეისრო კვეთის ჩასატარებლად ერთ-ერთი პირობა მშობიარის წერილობითი თანხმობაა. ამ თანხმობის მიღების შემდეგ ექიმი ვალდებულია, ოპერაციის აუცილებლობის დამადასტურებელი პირობები წარმოადგინოს და გააფრთხილოს პაციენტი მოსალოდნელი თუ შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ. იურიდიული ფორმალობები საჭირო არ არის მხოლოდ ექსტრემალურ - სისხლდენის, შოკისა და დედისა თუ ნაყოფის სიცოცხლის საფრთხის - შემთხვევებში. საკეისრო კვეთისთვის ობიექტურ მაჩვენებლებად შეიძლება ჩაითვალოს:
დედის ვიწრო მენჯი;
დედის თვალის ბადურას დაზიანების საფრთხე;
დიდი ნაყოფის მენჯთან მიმაგრების პრობლემა;
ნაწიბური საშვილოსნოზე;
ნაყოფის გიგანტური ზომები (4,8-5,0კგ);
დედის მძიმე ნეფროპათია;
ბავშვის გულის მუშაობის ცვლილება.
 
დამატების დრო:15-09-2014, 14:55 ნახვა:95 |კომენტარები:0
სრულად წაკითხვა


რა იწვევს ორსულობისას კუჭის ტკივილსმოგეხსენებათ, ორსულთა განსაზღვრულ კატეგორიას ხშირად აწუხებს ტკივილი კუჭის მიდამოში (ეპიგასტრიუმში). რით არის ეს გამოწვეული უმეტესად?
- ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ორსულობით, ისე კუჭ-ნაწლავისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადებებით.

- რა როლს ასრულებს ამაში თავად ორსულობა?
- კუჭის მიდამოში უმნიშვნელო ტკივილის ყველაზე უსაფრთხო მიზეზი ორსულებში მზარდი საშვილოსნოა, რომელიც დროთა განმავლობაში მუცლის ღრუში უფრო და უფრო მეტ სივრცეს იკავებს. კუჭის არეში მზარდი საშვილოსნოთი გამოწვეული ტკივილი და გულძმარვა ორსულობის პირველ სამ თვეს შედარებით იშვიათია, ორსულობის მეორე ტრიმესტრში კი ეს ჩივილები ხშირდება, რადგან ზრდას იწყებს საშვილოსნო. მუცლის ღრუს დანარჩენი ორგანოები იძულებულნი ხდებიან, დაუთმონ მას ადგილი და ხელი შეუწყონ პაწიას განვითარებას. საშვილოსნო აწვება კუჭს და ამის შედეგად ვითარდება ტკივილი ეპიგასტრიუმში.

- რას გვეტყვით პროგესტერონზე?
- ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში დომინირებს ე.წ. ორსულობის ჰორმონი - პროგესტერონი. იგი იწვევს საშვილოსნოს მოდუნებას, ამით ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და ამცირებს ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას. მაგრამ, ამასთან ერთად, იგი იწვევს სხვა გლუვკუნთოვანი ორგანოების, მათ შორის - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, წვრილი და მსხვილი ნაწლავის მოდუნებასაც და ამით ზრდის კუჭის არეში დისკომფორტის აღმოცენების ალბათობას. ეს იწვევს გულძმარვას, გულისრევას და მეტეორიზმს (მუცლის შებერვას). სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც კუჭის არეში დისკომფორტს იწვევს; არსებობს სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზებიც.

- კუჭ-ნაწლავის რომელი დაავადებების დროს ვითარდება ტკივილი ეპიგასტრიუმში ორსულობისას?
- ორსულობისას ეპიგასტრიუმში ტკივილის ძირითადი მიზეზებიდან აღსანიშნავია:
ბაქტერიული გასტრიტი (გამომწვევი - ჰელიკობაქტერ პილორი);
ეროზიული გასტრიტი - მედიკამენტების, ალკოჰოლის, ცხარე საკვების და ა.შ. ხანგრძლივი მიღების შედეგი;
მწვავე სტრესული გასტრიტი - სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესის, მძიმე ტრავმების, დაავადებების შედეგი;
ვირუსული, სოკოვანი გასტრიტი - უნდა ვივარაუდოთ იმუნიტეტის დაქვეითება, რაც ძალიან ხშირია ორსულებში;
ეოზინოფილური გასტრიტი - ალერგიული რეაქციების შედეგი;
ატროფიული გასტრიტი;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
კუჭის პოლიპები;
რძის აუტანლობა. ზოგიერთი ვერ იტანს რძეს, განსაკუთრებით - მის შაქარს, ლაქტოზას. როდესაც ასეთი ადამიანი იღებს რძეს, კუჭის არე სტკივდება;
საკვებისმიერმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ტკივილი ალერგიული პროდუქტების მიღებისას. ეს შესაძლოა განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდეს ორსულებში, განსაკუთრებით - ორსულობის გვიანდელ სტადიებზე.

- რა თავისებურებები ახასიათებს ორსულებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, მათ სიმპტომებს?

ტკივილი და მისი ინტენსივობა
- ტკივილის ინტენსივობა კუჭის დაავადებების დროს შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, ქრონიკული გასტრიტის მქონე ორსულებში ტკივილი ნაკლებინტენსიურია, ამიტომ პაციენტმა მას შეიძლება დიდხანს არ მიაქციოს ყურადღება. ტკივილი შეიძლება ნაკლებინტენსიური იყოს კუჭის წყლულოვანი დაავადების, კუჭის კიბოს დროსაც. მაგრამ კუჭისა, უფრო მეტად კი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილი ძლიერია, ზოგჯერ ძალიან ძლიერიც კი, რაც აიძულებს ორსულს, მიმართოს ექიმს და ჩვენც დაუყოვნებლივ ვიღებთ ზომებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად. პერფორაციული წყლულის დროს ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ ორსულს შესაძლოა განუვითარდეს შოკი. დუოდენიტის მქონე ავადმყოფებში ტკივილის ინტენსივობა ასევე შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ტკივილის ინტენსივობის მიხედვით დაავადების ხასიათზე მსჯელობა რთულია, რადგან ტკივილი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მისი ინდივიდუალური, პიროვნული აღქმით. კლინიცისტების მონაცემებით, პაციენტებში, რომლებმაც კუჭის ოპერაცია გადაიტანეს, ტკივილის ინტენსივობა გამწვავებული წყლულოვანი დაავადების დროსაც კი შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ასეთი პაციენტები წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას ტკივილს შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდნენ.

- აქვს თუ არა ორსულებში ტკივილის ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაავადების დიაგნოსტიკისთვის?
- ტკივილის ხასიათი ორსულებში შეიძლება მიუთითებდეს არა ამა თუ იმ დაავადების, არამედ გართულების არსებობაზე. მაგალითად მძლავრი, მწველი ტკივილი გასტრიტიან, წყლულიან ავადმყოფებში შესაძლოა სოლარიტის დართვის მაუწყებელი იყოს. დაქვეითებული მჟვიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ჩვეულებრივ, შეინიშნება ღრღნის, სიმძიმისა და ჭრის შეგრძნება ეპიგასტრიუმში. ინტენსიური მჭრელი, მჩხვლეტი შეტევითი ტკივილი დამახასიათებელია წყლულოვანი დაავადებისა და ქრონიკული დუოდენიტის გამწვავებისთვის. ხანჯლისებრი ტკივილი ვითარდება წყლულის პერფორაციის დროს. ცნობისათვის: ორსულობის დროს შემთხვევათა 44%-ში ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რემისია (ჩაცხრობა) ორგანიზმში პროგესტერონის მაღალი დონის გამო - ეს ჰორმონი ასტიმულირებს ლორწოს გამომუშავებას, რომელიც კუჭს იცავს. დანარჩენ 44%-ში ცვლილებები არ შეინიშნება. სამწუხაროდ, წყლული ორსულობის დროს შეიძლება გამწვავდეს. გაუარესება 12%-შია მოსალოდნელი. ამ დროს რჩევისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს. ასეთ პაციენტებში ინტენსიური ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის, კოლიტის დართვაც.

- რას გვეტყვით ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე?
- ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფარულად მიმდინარე ქრონიკული დაავადებები ქალებში ხშირად სწორედ ორსულობის დროს იჩენს თავს. ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების ერთ-ერთ რისკფაქტორს ორსულობა წარმოადგენს. ორსულებისთვის უპირატესად დამახასიათებელია დისკინეზიის ჰიპომოტორული ტიპი. ჰიპომოტორული დისკინეზიის დროს სანაღვლე გზების მოძრაობა შენელებულია. ჰიპომოტორულ დისკინეზიას საფუძვლად უდევს ნაღვლის ბუშტის არასაკმარისი დაცლა. სწორედ დისკინეზია და არა ანთება განაპირობებს ორსულებში ქრონიკული ქოლეცისტიტის გამოვლენას. ორსულობა ხშირად ართულებს უკვე არსებულ ქოლეცისტიტს. დაავადება შემთხვევათა თითქმის ნახევარში მწვავდება, ამასთან, უმეტესად ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ხოლო სიმპტომატიკაში უპირატესად ჰიპომოტორული დისკინეზიის ნიშნები ვლინდება.
 
დამატების დრო:15-09-2014, 14:53 ნახვა:165 |კომენტარები:0
სრულად წაკითხვა


წინ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 30 შემდეგი


ვიდეორგოლი
გვიპოვეთ
თეგები
Posts Tagged ‘კოლპოსკოპია’, აბორტი, ბუშტნამქერი, გრიპი და ორსული, დედათა სიკვდილობის ძირითადი მიზეზებ, ეპიდურული გაუტკივარება, ვაგინიტი, კვების რეჟიმი ორსულობისა და ლოგინობი, მარილის მიღება ორსულობისას, მენჯის ფსკერის რეკონსტრუქციული ოპერ, მირენა – ჰორმონშემცველი სპირალი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორ, მშობიარობის შემდეგ ქალები უფრო ჭკვია, ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრე, ორსულთა ტოქსიკოზები, ორსულთა ჰიგიენა, ორსული და თამბაქო, ორსულობა, ორსულობა და გულის მანკი, ორსულობა და პიელონეფრიტი, ორსულობა და რკინადეფიციტური ანემია, ორსულობის თანმდევი ეფექტები, რა უნდა იცოდეს ორსულმა, რამდენიმე შეკითხვა გინეკოლოგს, რეზუსსენსიბილიზაცია და რეზუსკონფლი, რძის შეგუბება, საკეისრო კვეთა, საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა და, სამშობიარო მოქმედების ანომალიები, საშვილოსნოს გახევა, საშვილოსნოს ორსულობა (ვადის განსაზღვ, საშვილოსნოს ყელის კიბო, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ტრენინგის ვიდეო, ქალწულობის აპკი, შარდის შეუკავებლობა ქალებში, ჩასახვიდან პირველ ტირილამდე, ცილის კონტროლი მესამე ტრიმესტრში, ჭარბწყლიანობა

ყველა ტეგის ჩვენება
ყველა უფლება დაცულია SSRSS.GE 2011-2014
Advertisement on this site